"როგორ ხართ?" – ერთი ჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას, გაცვეთილი კითხვა, ზაფხულში ყველაზე პოპულარული იყო საქართველოში. ყველაფერი კი 31 წლის გორელი მსახიობის, მარი არღუთაშვილის, სახუმარო ვიდეოს ბრალია. მან ამ კითხვას, რომელსაც პოპულარული სიმღერების ავტორის, გოგიტა გოგიძის, სიმღერის “არ წახვიდე” ფონზე იმეორებს, ახალი ჟღერადობა შესძინა.
ეს ვიდეო მარიმ მეგობრებისთვის ჩაწერა, ერთ-ერთმა სოციალურ ქსელში ატვირთა და ისტერიკაც აქედან დაიწყო. მარი ერთ დღეში იქცა ინტერნეტვარსკვლავად.
"დიდი ბუმია ატეხილი. ახლა მოგიყვებით ვიდეოს ისტორიას: მეც სხვისი ვიდეო ვნახე, ბევრი ვიცინე, ამეკვიატა, ჩავწერე და გავუგზავნე ჩემს მეგობრებს. ერთ-ერთმა მეგობარმა ეს ვიდეო ატვირთა. შემდეგ წაშალა, რადგან ძალიან ცუდი კომენტარები წამოვიდა, მაგრამ უცნობმა ადამიანებმა გადმოწერეს და გაავრცელეს სხვადასხვა გვერდებზე. მირეკავენ ჟურნალისტები, სხვადასხვა ინტერნეტგამოცემები. გაკვირვებული ვარ: ვიდეოში არც დაბოლილი ვარ, არც ნასვამი.
აგრესიაზე ცოტა “დავიგრუზე”. მე მართლა მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც ეს ვიდეო ნახეს და უარყოფითი ემოცია გამოხატეს. იფიქრეს, გამოჩნდა მორიგი შტერიო. ახლა უკვე ვხვდები, რომ არ უნდა გავბრაზდე. იყო ასეთი კომენტარებიც: “არ გინდა, თავი მოიკლა?”. ასეთი სულელური ვიდეო ბევრი გვინახავს, სიგიჟეა, რაც სოციალურ ქსელებში ხდება", - ამბობს "სარკესთან" მარი არღუთაშვილი.