შინაგან საქმეთა სამინისტრომ წავკისში ორი ახალგაზრდა მამაკაცის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. ბრალდებულის სახით დაკავებულია მამა-შვილი – 46 წლის ნიკოლოზ აბულაძე და მისი 27 წლის ვაჟი გიორგი აბულაძე. გარდა ამისა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა დააკავეს აბულაძეების ოჯახის ახლობელი 25 წლის ანრი ყურაშვილიც.
გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა 23 დეკემბერს, დაბა წავკისში მომხდარი კონფლიქტის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩაიდინეს დავით და ლექსო ფეიქრიშვილების მკვლელობა. გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. ამავე კონფლიქტის დროს, დაიჭრა კიდევ ორი პირი – 1989 წელს დაბადებული ს.დ. და 1991 წელს დაბადებული რ.ზ., რომელთაც ამ დრომდე უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.
სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა დუმილის უფლებას იყენებენ.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და ორი, ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.