გაჩიანის სასაფლაოზე ნარკორეალიზატორები ბუშტებში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალებებს მომხმარებელს პატარა ორმოებში უტოვებენ, შემდეგ კი ფოტოს ინტერნეტით უგზავნიან. შესაბამისად, მყიდველები საფლავის ქვასთან დამალულ ჰეროინს მარტივად პოულობენ.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ღამით სასაფლაოს წამლის წასაღებად პარლამენტარებიც სტუმრობენ.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 5 დღის წინ მოხდა. ღამის 2 საათზე, თანმხლებ ქალთან ერთად, გაჩიანის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა საპარლამენტო საშვის მქონე ნარკომომხმარებელი გააჩერეს და პოლიცია გამოიძახეს. პირმა, რომელსაც 2 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება თან ჰქონდა, სამართალდამცავებს პარლამენტის საშვი წარუდგინა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს.
სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა წამლის რეალიზების ბოლო შემთხვევა გაჩიანის სასაფლაოზე. სავარაუდოდ, მომხმარებლები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ღამის 11 საათზე სასაფლაოზე ნარკოტიკების შესაძენად მისულებს ხალხი დაუპირისპირდა და სასაფლაოს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, ჩხუბის დროს ნარკოტიკების რეალიზებასთან სავარაუდო კავშირში მყოფმა პირმა ნაგანის ტიპის იარაღიდან 3 ადგილობრივი დაჭრა.