რეზონანსი
24.12.2018

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულება მიიღო, ამ დებულების შედეგად, საქართველოს საფინანსო სექტორში წესები მნიშვნელოვნად შეიცვლება. 

რეგულაციის ძირითადი პრინციპის თანახმად, ფინანსურმა ინსტიტუტმა ფიზიკურ პირს არ უნდა დააკისროს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) პირის გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე.

რეგულირება გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციაზე. სესხის გამცემი ვალდებული იქნება სესხის გაცემისას შეაფასოს მომხმარებლის შემოსავალი, უზრუნველყოფის ღირებულება და გასცეს სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი და უზრუნველყოფის ღირებულება ამ დებულებით დადგენილ ზღვრებს არ აღემატება. აღნიშნული კოეფიციენტები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რაც ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიზნად ისახავს მსესხებლების და ფინანსური სისტემის დაცვას უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკებისგან. 

"დებულების პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისიდან ღია რეჟიმში მიმდინარეობდა: პროექტი გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, აქტიური შეხვედრები გაიმართა როგორც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კონსულტაციების პროცესში გამოთქმული მოსაზრებები აისახა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში. დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა (უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ლიტვაში, ჩეხეთში,ესტონეთში და სხვა)."- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×