(რეზონანსი) "მაიმუნ ირაკლი ოქრუაშვილს მალე ბორკილებს დაადებენ", - განუცხადა "2020NEWS"-ს ვარდების რევოლუციის წლისთავზე, პატრულის მიერ მოკლული 19 წლის ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ.
"ვუჩივლებ აბა რას ვიზამ? ახლა ისეთი გამწარებული ვარ, არაფერზე მსურს საუბარი. ელისო კილაძემ გაავრცელა ვიდეო და ატყდა ერთი ამბავი. დიახაც, მაიმუნ ირაკლი ოქრუაშვილს მალე ბორკილებს დაადებენ", - აცხადებს რობაქიძე.
"2020NEWS"-ის კითხვამ, აწარმოებდა თუ არა მოლაპარაკებას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, რობაქიძე ისე გააღიზიანა, რომ უცენზურო სიტყვები გამოიყენა ოქრუაშვილის მისამართით და შემდეგ ტელეფონი გათიშა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი კი აცხადებს, რომ შესაძლოა ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წაუყენონ. ოქრუაშვილი "შაბათის კურიერში" იმის მოყოლას აპირებს, რა გარიგებას სთავაზობდა მას ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე.
"თუ რამე უნდათ, პირდაპირ მითხრან, ნუ მელაპარაკებიან ია მეტრეველის რაღაც ბოდვებით. სოსო რობაქიძემ რამდენჯერმე სხვადასხვა ადამიანი გამომიგზავნა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რომ ჩემი გვარი არ გამოჩენილიყო", - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში 2007 წელს დააპატიმრეს. სწორედ მის დაპატიმრებას მოყვა ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქციები და 7 ნოემბრის აქციის დარბევა.
ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.