კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ბიძინა ივანიშვილზე და "ქართულ ოცნებაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობს:
"ქართულმა ოცნებამაც" ბევრი შეცდომა დაუშვა. კიდევ კარგი, ამას თვითონვე აღიარებენ, ივანიშვილმაც თქვა - საქართველოში ბევრი რამ უნდა შეიცვალოსო. ასე არ შეიძლება, ბატონო ბიძინა! თქვენს გარემოცვაში ისეთ ხალხს დაუძახეთ, ვისაც საქართველოს ბედი მართლა აწუხებს, ამ ქვეყანაზე გული შესტკივა და ვინც სიმართლეს დაუფარავად გეტყვით.
დიდი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო, ამ ქვეყანაში რომ რაღაც შეიცვალოს. ბატონი ბიძინა მეოჯახე კაცია, არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ჰყავს, უბრალოდ, პოლიტიკაში გამოცდილება არა აქვს და თავის გუნდში ჭკვიანი, ინტელექტუალი ხალხი უნდა შემოიკრიბოს. თუ ამას არ გააკეთებს, ბევრი ოპოზიციაში გადავა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ მეც დავაარსე ახალი პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც "ხალხის ნება" ჰქვია. ამ მოძრაობის მიზანია საქართველოში ბევრი კარგი და სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. ხშირად მეუბნებიან - რა გინდა პოლიტიკაში, რატომ ერევი, ეს ბინძური საქმეაო, მაგრამ თუ მართლა საქმის კეთება გინდა, მაშინ არაფერს უნდა მოერიდო" - განუცხადა ჟურნალ "გზას" შენგელაიამ.