(რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს 10-მდე არასრულწლოვანი გამოიკითხა.
მოწმეთა გამოკითხვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
ისინი საგამოძიებო უწყებაში კანონიერ წარმომადგენლებთან, მათ შორის ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდნენ. არც ერთი ადვოკატი არ საუბრობს გამოკითხვის დეტალებზე, რას უკავშირდებოდა მოზარდების კიდევ ერთხელ დაბარება და დაისვა თუ არა კითხვები ახალ გარემოებებთან დაკავშირებით. მათი ინფორმაციით, ადვოკატებმა გაუთქმელობაზე მოაწერეს ხელი.
ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი, რომლის დაცვის ქვეშ მყოფიც უშუალოდ მონაწილეობდა 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას გაშველებაში, მიიჩნევს, რომ გამოძიება მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობს.
„ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მე როგორც ადვოკატი და იურისტი, მივესალმები. გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და დამატებით კითხვებს ვერ ვუპასუხებ", - განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.