(რეზონანსი) გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დამატებით 2 პირს ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე ე. მ.-ს მიმართ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლიდან განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
ასევე, ამავე მუხლით, ბრალი წარედგინა დამატებით 2 პირს, რ. კ.-ს და ს. მ.-ს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს ს. მ.-ს და ე. მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქიასიანთან. მათ მეგობარ რ. კ.ს-თან ერთად დაგეგმეს სარქისიანის განზრახ მკვლელობა. რ. კ.-მ, ე. მ.-მ და ს. მ.-მ წინასწარი შეთანხმებით, მოკვლის მიზნით, სამივე მათგანმა დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს გევორქ სარქიასიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიღებული დაზიანებების შედეგად სარქისიანი საავადმყოფოში დაიღუპა.
2018 წლის 12 ივლისს მომხდარი გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიების პირველ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ე. მ.-ს განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა ბრალი, ხოლო 4 პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკვალიფიცირდა.