(რეზონანსი) ოდესის პორტში ბრიტანული ხომალდი შევიდა. „გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ფლოტის გემის შესვლა უკრაინაში ვლადიმერ პუტინისთვის კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი იქნება" - ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გევინ უილიამსონმა გააკეთა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია.
უილიამსონის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ბრიტანული გემის შეყვანის გადაწყვეტილება 25 ნოემბერს, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტით არის განპირობებული.
გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შავ ზღვაში ბრიტანული სამხედრო ძალა მუდმივად განთავსდება.
25 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.
26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.