(რეზონანსი) თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის გამო დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 3500-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5-ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 1000 ლარის.
ქეთევან მირიანაშვილი, კახეთის სამხარეო დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორში 2 დღის წინ მოათავსეს, თუმცა გულის პრობლემებით და მაღალი არტერიული წნევით იმავე დღეს თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუხლი გადაკვალიფიცირდა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად გამოძიება 353-ე მუხლის პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს.
წინასასამართლო სხდომა 6 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.