ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერები, სადაც ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, დამნაშავედ ცნო. ხანძარი სასტუმროში 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რომელსაც ოთხი საათის განმავლობაში აქრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აალება სპა–სალონში მოხდა. შედეგად დაიღუპა ირანის ერთი და საქართველოს 10 მოქალაქე, 21 ადამიანს კი სამედიცინო დაწესებულებაში დახმარება დასჭირდა.
ოთხი თვის შემდეგ შსს-მ სასტუმროს მენეჯერების დაკავების შესახებ განაცხადა. ტექნიკური მენეჯერისა (თურქეთის მოქალაქე) და ტექნიკური საწყობის ზედამხედველის (საქართველოს მოქალაქე) წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.
სასამართლომ თურქეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საქართველოს მოქალაქის ბრალდება კი სასამართლოს მიერ გადაკვალიფიცირდა „გულგრილობის“ მუხლით და 2 წლამდე ვადით პატიმრობა შეეფარდა.
„ლეოგრანდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.