რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) სააპელაციო სასამართლო თეონა ხინჩიგაშვილის საქმეს განიხილავს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის შვილია. ის გვარის მიცემას მოითხოვს. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ივანიშვილის და თეონა ხინჩაგაშვილის ნათესაური კავშირი დგინდება, ბიძინა ივანიშვილის ძმა უნდობლობას უცხადებს.

თუმცა თავად თეონა ამბობს, რომ მისი ერთადერთი პატრონი ბიძამისი, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც პერიოდულად ფინანსურადაც ეხმარებოდა და საცხოვრებელი სახლიც უყიდა.

საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა და მიიღებს თუ არა თეონა ხინჩიგაშვილი ივანიშვილის გვარს, ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. იქამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე გადაწყვიტა, რომ თეონა ალექსანდრე ივანიშვილის შვილია და მამამ ქალიშვილს გვარი უნდა მისცეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ძმამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ალექსანდრე ივანიშვილის ადვოკატი, სანდრო სამადბეგიშვილი არ გამორიცხავს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეცდომა მოსვლოდა.

თეონა ხინჩეგაშვილის ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე კი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიხედვით, ხინჩეგაშვილი სწორედ ალექსანდრე ივანიშვილის შვილია. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა გაყალბება სცადოს და სწორედ ამიტომ ითხოვს სხვა ქვეყანაში ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას.

თავად თეონა ხინჩეგაშვილი ამბობს, რომ დედამისი ჯერ კიდევ 30 წლის წინ ცდილობდა შვილისთვის გვარის მიცემას.

„4 თვის იყო დედაჩემი ფეხმძიმედ, მაგის მერე ჩივის. პარტიიდან მამაჩემი რატომ გამოაგდეს, შეეკითხეთ, დედაჩემი უჩიოდა და მაგიტომ გამოაგდეს. დღეს და გუშინ კი არ გაიგო ეს საქმე. ახლა შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ახლა, მდიდრები არიან, მილიონერები არიან და იმიტომ უჩივის. 30 წლის წინ ისეთივე ხალხი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ და მაშინაც კი უჩიოდა დედაჩემი. ჩვენი პოზიცია არის, რომ მინდა ჩემი გვარი. ახლოს ვინ მიგიშვებდა, ანზორიც იყო ჩუბინიძე, მივედი და ბიძაჩემის ნახვა მინდა მეთქი, იმიტომ, რომ ეგ მფარველობდა, ერთადერთი ჩემი მფარველი იყო ბიძაჩემი და რა მითხრეს, აქ რას მოდიხარ, წადი და მამაშენთან მიდიო, " - ამბობს თეონა ხინჩეგაშვილი.

წყარო: intermedia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×