უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის განაკვეთი გათანაბრდება. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის. უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 1.7 ლარამდე იზრდება. დღემდე ეს ზღვარი 60 თეთრი იყო.
საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ წარუდგინა.
"ფილტრიან და უფილტრო სიგარეტს ერთი განაკვეთი განესაზღვრება. უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკის განაკვეთი, იქნება 1.7 ლარი 20 ღერზე. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. სიძვირის გამო ადამიანებმა აღარ უნდა მოიხმარონ ეს პროდუქტი, რადგან ეს არის მავნებელი ჯანმრთელობისთვის. მისი მოხმარების შედეგად ქვეყანაში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, კანონპროექტის მიღება ასევე, გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 45 მლნ ლარით გაზრდას.