(რეზონანსი) სამართლებრივად შესაძლებელია, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გაგრძელდეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს, გაითვალისწინოს თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.
„ვისურვებ, რომ ზვიად გამსახურდიას შვილები ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. გუშინ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცოტნეს ვესაუბრე. პრეზიდენტის მომართვას ვეხმაურები. ვფიქრობ, მისი მხრიდან სწორი აქცენტი იყო, რომ საკანონმდებლო კუთხით თუ შესაძლებლობა არსებობს, პარლამენტმა გამოიყენოს. მის ინიციატივას მხარს ვუჭერ და შესაძლებელია, სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გავზარდოთ, რითაც შესაძლებელი იქნება, რომ გამოძიება არ შეწყდეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურება. საქმეზე ძიება 2015 წლის შემდეგ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.