(რეზონანსი) თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, მფლობელებს, რომლებსაც ჯიხურები არასწორ ადგილზე აქვთ განთავსებული, 3-დან 6-თვემდე ვადა მიეცემათ, რომ ობიექტების ადგილმდებარეობა გაასწორონ, წინააღმდეგ შემთვევაში, მათ ობიექტების აღება მოუწევთ.
„დაახლოებით 6 წლის წინ, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო: ქალაქში დაახლოებით 2500 ჯიხური განთავსდა. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში არის ის, რომ მათი დიდი ნაწილი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ და ზოგ შემთხვევაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებშია განთავსებული, რაც გარკვეული პრობლემების მიზეზი ხდება.
მე კარგად მესმის ამ ადამიანების, რომ ასე მარტივად ვერ მოხდებოდა ამ ჯიხურების აღება, მაგრამ გარკვეულ პრინციპულ მიდგომებზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ. თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი. ყველა ის ჯიხური, რომელიც მდებარეობიდან გამომდინარე არ არის პრობლემური, დარჩება, ამ ადგილებზე ხელახლა გამოცხადდება აუქციონები და მათ მიეცემათ შესაძლებლობა ახალი ვადით აიღონ საიჯარო უფლება", - განაცხადა კალაძემ.