(რეზონანსი) ბუტა რობაძიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის მოსამართლის მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, მოკლული ახალგაზრდის დედა, ია მეტრეველი კიდევ ერთხელ ეხმაურება.
მეტრეველის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სამართლიანობა აღდგა. ამასთან, მოკლული ახალგაზრდის დედამ ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში თანადგომასა და თანაგრძნობას უცხადებდა.
"ძვირფასო საზოგადოებავ, აღსრულდა სამართალი, 14 წლის შემდგეგ. გვიან მაგრამ მაინც დადგა ეს ძალზედ მნიშვნელოვანი დღე, არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იმედი მაქვს, დღეიდან დაიწყება სამართლიანობის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში, რისთვისაც ვიბრძოდით ყველა ერთად ამდენი წლები.
დღეიდან უნდა დაიწყოს ყველა გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმეების გამოძიება და დასრულება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლე დავით მგელიაშვილს, დიდი მადლობა ახალგაზრდა პროკურორების გუნდს, დიდი მადლობა საინფორმაციო საშუალებებს, ჟურნალისტებს, დიდი მადლობა საზოგადოებას, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ყველას ვინც ჩემს გვერდით იდგა მთელი სასამართლო პროცესების განმავლობაში, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკიოდა ჩემს ტრაგედიაზე. მინდა დაგლოცოთ და ბედნიერი დამდეგი ახალი წელი გისურვოთ. უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, აღარასოდეს განმეორებულიყოს ისეთი ტრაგედიები როგორიც ჩემს ბუტას დამართეს," - წერს ია მეტრეველი ფეისბუქზე.