ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძისთვის სავალუტო ფონდის შეფასებები უფრო ღირებულია, ვიდრე მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესები. რომ არა სებ-ის პოლიტიკა, ლარი დეკემბერში 2.5-2.55 ნიშნულზე იქნებოდა. ბოლო 2 წელია ეროვნული ბანკი ლარს დასტაბილურებაში 1 ლარით არ მიხმარებია.
რომ ჰკითხო, კობა გვენეტაძე თვალის დაუხამხამებლად ჩამოარაკრაკებს, რომ საქართველოში მოქმედებს ლარის მცურავი გაცვლითი კურსი და რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ სავალუტო რეზერვების შევსებაზეა ორიენტირებული და რომ მისთვის კანონით განსაზღვრული მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის უზუნველყოფაა. არაფრად ადარდებს, რომ გაცვლითი კურსის მერყეობის დაშვება და ამ ფონზე ლარის გამყარებისთვის ხელის შეშლა, ბიზნესისთვის და მთლიანობაში, ეკონომიკისთვის, მომაკვდინებელი შეფერხება და მისთვის ხელის მუხრუჭის უადგილოდ და მოულოდნელად ამოწევაა.
"კომერსანტის" ინფორმაციით, მხოლოდ გასულ კვირაში გვენეტაძის უწყებამ სავალუტო აუქციონებზე კიდევ 25 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. 2018 წელს კი ჯამში გვენეტაძემ ცამეტი სავალუტო ინტერვენციით ბაზრიდან 145 მილიონი ამოიღო.
რისი მიღწევა უნდა კობა გვენეტაძეს ამ პოლიტიკით ?
ლარის დასუსტებისკენ მიზანმიმართული გვენეტაძისეული პოლიტიკა ბიზნესს და მოსახლეობას, მარტივად რომ ითქვას, აღარიბებს. სამაგიეროდ, ამის ხარჯზე, გვენეტაძე გადაჭარბებით ავსებს სავალუტო ფონდის მიერ მისთვის დაწესებულ მინიმალური რეზერვების ზღვარს და კმაყოფილებით არის სავსე, როცა ფონდის მისია მის საქმიანობას დადებითად აფასებს.
ყველაზე მარტივი გათვლებითაც კი, რომ არა გვენეტძის მიერ პროცესებში უხეში და ხელოვნური ჩარევა, დიდი ალბათობით, გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით იქნებოდა 2.5-2.55-ის ფარგლებში.
ღირს კი სავალუტო ფონდისადმი ეს შიში და უსიტყვო და მაამებლური მორჩილება მოსახლეობისთვის ხელოვნურად გაზრდილი ტვირთის ფასად?!
(კომერსანტი)