რეზონანსი
17.12.2018

 (რეზონანსი) მოქალაქე, რომელსაც პარლამენტის დეპუტატი, ნიკა მელია დაუპირისპირდა რეალურად საჯარო სამსახურში არ მუშაობს. ქალბატონი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ქოცი" უწოდა, ირწმუნება, რომ მმართველ პარტიასთან არანაირი შეხება არა აქვს და არც სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული. ინციდენტი დღეს დიღმის მასივში მოხდა.

„კვირას" ინფორმაციით, 47 წლის ხათუნა ღამბაშიძეს ორი შვილი ჰყავს და ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ამასთან, ხათუნა ღამბაშიძე აცხადებს, რომ მას საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია, მით უფრო რომ უმაღლესი განათლება აქვს და ორ უცხო ენას ფლობს. ამჟამად, ორი შვილის დედა მცირე მეწარმეა და პატარა ჯიხური აქვს.

მისი მეუღლე, 2012 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის შედეგად შრომის უუნარო გახდა. ექიმების მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ხათუნა ღამბაშიძის მეუღლე დღემდე სახლში მკურნალობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი კი ის პატარა ჯიხურია, რომელსაც ხათუნა ღამბაშიძე უკვე რამდენიმე წელია ამუშავებს.

„საქმეზე მივდიოდი და დავით კირკიტაძის სახლთან დავინახე „ნაციონალური მოძრაობის" უამრავი წევრი, თუმცა, მაგ დროს მანქანა არ გამიჩერებია. უკან რომ ვბრუნდებოდი, უფრო ბევრი ხალხი იყო, უფრო მეტი „ნაცები" მოსულიყვნენ დათო კირკიტაძის დასაცავად და მომესმა, ნიკა მელია ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა და მისმა ფრაზამ, „ეს ხელისუფლება იტყუება", გამაღიზიანა. გავაჩერებინე მანქანა და გადმოვედი. ის, რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა, ეს იყო ქვეყნის სირცხვილი. ისედაც გაბრაზებული ვიყავი და ნიკა მელიას ამ ფრაზამ უფრო გამაღიზიანა, გავაჩერე მანქანა და რაც სათქმელი მქონდა, ვუთხარი. არც ჩემი ვინაობა დამიმალავს, ვუთხარი ჩემი სახელიც და გვარიც", ამბობს "კვირასთან" ხათუნა ღამბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×