(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ კახეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
"მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის - დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებილი. იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. კიდევ ერთხელ მინდა მათ ავუხსნა და ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.
ნიკანორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე. თუ ნიკანორ მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა გამოიკვეთება, შედეგი იქნება იგივე",- განაცზადა გახარიამ.