„პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლო დროულად გამოეცხადებინა შესვენება, მაგრამ ეტყობა კობახიძეს ჩვენი ხელით უნდოდა ნაციონალების ცემა“, - ასე გამოეხმაურა ორი დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია. მან აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ გააკეთებს ყველაფერს, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შემცირდეს, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსები.
„როდესაც თავხედი, ხულიგანი და არამართალი ადამიანი ზის, ნოტაციებს გვიკითხავდა და გვიყვიროდა, რომ მონები და სატელიტები ვართ ივანიშვილის, ვინ მოითმენდა ამას? კიდევ კარგად მოითმინა ირმამ. 2020 წლამდე ყველაფერს გავაკეთებთ, საზოგადოებასთან ერთად, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ შანსები“, - თქვა "პალიტრანიუსში" მარშანიამ.
12 დეკემბერს პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს. ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია და "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.