(რეზონანსი) საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ხარჯები ღონისძიების გამართვის შემდეგ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და პრეზიდენტის საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა თელავში განაცხადა, სადაც ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმში ინაუგურაციის ღონისძიების გამართვის შემდეგ, საზეიმო მიღება თელავში, თეატრის შენობაში გაიმართება.
„აქ ბრძანდებოდა ახლად არჩეული პრეზიდენტი. ფაქტობრივად, ჩატარდა წინასაინაუგურაციო რეპეტიციაც და ვფიქრობ, ინაუგურაცია ნორმალურად ჩაივლის. მე ვერ გეტყვით კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის შთაბეჭდილებებს, ალბათ, ამაზე თავად მას უნდა ჰკითხოთ. ტრიბუნები აწყობილია, ყველაფერს ვასწრებთ და ინაუგურაცია ჩაივლის ლამაზად და მშვიდად. ვერაფერს მოგახსენებთ თბილისთან დაკავშირებით, მე პასუხისმგებელი ვარ თელავში ინაუგურაციის ჩატარებაზე. თბილისის ლოკაციის ღონისძიებაში ჩვენ არ ვიყავით ჩართული. სალომე ზურაბიშვილის შტაბი იყო ამის ორგანიზებაში ჩართული. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჯერ დაზუსტებული არ არის. თქვენთან მოსვლამდე ვესაუბრე კონტრაქტორ ფირმას და ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვებზე ინაუგურაციის შემდეგ გიპასუხებთ", - განაცხადა კახიშვილმა.