(რეზონანსი) საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურის მისაღებში შიმშილობა დაიწყეს.
ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.
მათი თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის და საქმე დაიხურება. შესაბამისად, შვილების მოთხოვნაა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„ვაცხადებთ შიმშილობას პროტესტის ნიშნად მთავარი პროკურატურის მისაღებში, ვახტანგ გორგასლის ქ. 24, რათა ბოლოს და ბოლოს სამართალი აღსრულდეს და ეს საქმე გამოძიებულ იქნეს. უშუალოდ მკვლელის, ასევე მკვლელობაში ჩართული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას! ასევე შევიდეს ცვლილება ორგანულ კანონში, რათა განსაკუთრებულ შემთხვევებს არ შეეხოთ ეს ხანდაზმულობა. იძულებული ვარ გადავდგა ეს ნაბიჯი მიუხედავად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა", - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.