სალომე სამადაშვილს ჯერჯერობით „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუტოვებია, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული აქვს – აღარ აპირებს მონაწილეობას არანაირ აქციაში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, საკუთარ თავთან და ქვეყანასთან არ იქნება მართალი, თუ არ დააფიქსირებს მოსაზრებას, რომლისაც სჯერა.
"მიმაჩნია, რომ გზავნილი – ჩვენი პრეზიდენტი სხვა არის ინაუგურაციის დღეს ვერ იქნება გამაერთიანებელი გზავნილი. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება. მე ამ შეხედულებით არავის დავპირისპირებივარ. ეს არის ჩემი მოსაზრება. დღეს ჩვენ ვკონცენტრირდეთ ისეთ მოთხოვნებზე, რომელიც არის მომავლისთვის განკუთვნილი“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
სამადაშვილის განცხადებით უკმაყოფილოა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე, რომლის შეფასებით, გემი შეირყა და პირველი ვირთხებიც გამოჩნდნენ.
„მე არა გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ საკუთარი პოზიციიდან ვსაუბრობ. არც აქციის ორგანიზებაში ვარ ჩართული, თუმცა, ვთვლი, რომ აქციის სულისკვეთება და მოთხოვნები რომელიც გაჟღერდა, საზოგადოებაში არსებული განწყობის შესაბამისია და ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლებისგან მსგავსი პოზიციის დაფიქსირება დროული არ არის“, – აცხადებს ნინო კალანდაძე.
როგორ ინტერნეტ პორტალი "ფორ.ჯი" აღნიშნავს, სალომე სამადაშვილი არ არის ერთადერთი, რომელიც სააკაშვილის განცხადებებს არ იზიარებს, არსებული ინფორმაციით „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ, თუმცა, სამადაშვილისგან განსხვავებით ამ ეტაპზე ხმამაღლა არ საუბრობენ.
(ფორ.ჯი)