კომპანია „ყაზბეგის“ გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა გოგი თოფაძემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანია თემაზე განცხადებას 10 დღეში გააკეთებს.
"ახლა მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ, შეიძლება ლიმონათი დავიტოვოთ და ლუდი გავყიდოთ, თუმცა ჯერ არ ვიცი, გადაწყვეტილი არაფერია", - აცხადებს თოფაძე და ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები „აისის“ მწარმოებელ "გლობალ ბიერ ჯორჯიასთან " მიმდინარეობს.
ლუდს „აისი“, კავკასიაში Heineken-ის ლიცენზირებული პარტნიორი კომპანია Global Beer Georgia 2017 წლის ზაფხულიდან აწარმოებს.
კომპანია „ყაზბეგი“ კი ბიზნესმენ გოგი თოფაძეს ეკუთვნის. ის 1994 წელს შეიქმნა და 1995 წელს პირველი ქართული ლუდი „ანანური“ გამოუშვა.