(რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექსპრემიერის დედა საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ცხოვრობდა. როგორც ამბობენ ის ძალიან დამოუკიდებელი და ძლიერი ქალბატონი გახლდათ, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს.
გთავაზობთ ამონარიდს ექსპრემიერის კლასელის თინათინ გამგებლის საარქივო ინტერვიუდან, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის მშობლებზეც საუბრობს:
"ერთხელ შატალოზე წავედით. მახსოვს, მე არ მივდიოდი, როგორც პედაგოგის შვილს, მეთაკილებოდა. ჩემმა კლასელმა რეზო მჭედლიშვილმა მითხრა, ბიძინა დავიყოლიეთ და შენ არ მოდიხარო და გაბრაზებულმა ნაწნავი მომაჭრა. წავედით შატალოზე, მაგრამ იმ ღამეს ნერვიულობისგან სიცხემ ამიწია. მეორე დღეს მშობლები დაიბარეს და მაშინ ვნახე პირველად ბიძინას დედა. ძალიან სათნო და ლამაზი ქალბატონი. იმდენად მშრომელი გახლდათ, შვილები სულ "პარიადკაში" ჰყავდა. ბიძინას ყოველთვის გატკიცინებული ყელსახვევი ეკეთა, მაგრამ სკოლიდან გამოსული ჯიბეში იკუჭავდა", - თქვა "კვირის პალიტრასთან" თინათინ გამგებელმა.