რეზონანსი
10.12.2018

 (რეზონანსი) მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში საფლავის გათხრის დროს მესაფლავეებმა დიდი ოდენობით ოქროს და ვერცხლის მონეტები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, 24 ნოემბერს გარდაცვლილის დასაკრძალად საფლავის გათხრა ჭირისუფლებმა მესაფლავეებს სთხოვეს, რომლებმაც მიწაში ჩამარხულ თიხის ქოთანში მოთავსებული სხვადასხვა ძვირფასი ნივთები, მათ შორის ოქროს და ვერცხლის მონეტები აღმოაჩინეს.

საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო, ვინაიდან ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ძვირფასი ნივთების საეჭვო წარმომავლობის შესახებ.

საქმე ის გახლავთ, რომ მესაფლავეებმა სასაფლაოზე ნაპოვნი მონეტების ნაწილი 10 ათას ლარად ჩააბარეს და როგორც ადგილობრივები "პრაიმ ტაიმთან" ყვებიან, რესტორანში იქეიფეს, რის შემდეგაც უცნობმა პირმა სამართალდამცავებს მიმართა და მონეტების წარმომავლობის გარკვევა სთხოვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ "გარდაცვლილი პირის ოჯახმა, რომელსაც მპოვნელებმა ნივთების ნაწილი გადასცეს, ოქროს და ვერცხლის ნივთები ადგილობრივ მუზეუმს გადასცა, სხვა ნაპოვნი ნივთები კი მპოვნელმა მოქალაქეებმა ქალაქ ქუთაისში კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს ოქროს ნივთების სავაჭრო ობიექტში".

ადგილობრივების გადმოცემით, მონეტები, სავარაუდოდ რამდენიმე საუკუნეს ითვლის, თუმცა ეს ოფიციალურად მას შემდეგ გაირკვევა, რაც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×