იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები მმართველ გუნდში - გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ადასტურებს.
"უნდა დაიგეგმოს კომპლექსური ცვლილებები. ჩვენ პრემიერთან გვქონდა საუბარი ორი დღის წინ და შევთანხმდით, რომ დეკემბერში გაჟღერდება ახალი ინიციატივები. ახალი წლის შემდეგ ალბათ უკვე კომპლექსურად შეჯერდება პოზიციები, რომელიც უკავშირდება მათ შორის შიდა მენეჯმენტის ახალ შეთავაზებებს", - განაცხადა ბესელიამ.
მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ინტერესებს უკავშირებს.
„მთავრობა არის ახალი ჩამოყალიბებული, აქედან გამომდინარე ჩვენ გვესმის გარკვეული სპეკულაციები შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ამას არ აქვს საფუძველი. მთავრობა არის ახალი ფორმირებული, დამტკიცებულია მისი პროგრამა და მუშაობს ამ პროგრამის შესაბამისად, რათა განხორციელდეს ის ღონისძიებები, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის" - აღნიშნა კობახიძემ.