(რეზონანსი) ყოველწლიურად სახელმწიფო მანქანებისთვის მთავრობა 74 მილიონ 450 ათას ლიტრ საწვავს ყიდულობს, რაშიც 166 მილიონ 316 ათას 500 ლარს იხდის. სახელმწიფო მანქანებით მოსარგებლეების ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს.
საწვავის შესაძენად მთავრობა კონსოლიდირებული ტენდერით სარგებლობს. შესყიდვაში სამი მსხვილი კომპანია მონაწილეობს. სახელმწიფო ვისოლ ჯგუფისგან ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს 2.53 ლარად ყიდულობს. რომპეტროლისგან პრემიუმ კლასის ბენზინს 2.31 ლარად, რეგულარს - 2.25 ლარად. დიზელს სოკარ ჯორჯიასგან ყიდულობენ და 1 ლიტრის ფასი ჩინოვნიკებისთვის 2.37 ლარია. კომპანიები სახელმწიფოს რიგით მოქალაქეებთან შედარებით, 1 ლიტრ საწვავზე საშუალოდ 30 თეთრიან შეღავათს უკეთებენ.
ოპოზიცია გარიგებულ ბალანსზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოსთვის გაწეული შეღავათის შემდეგ რიგით მოქალაქეებზე გაყიდული საწვავის ფასით ინაზღაურებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მიიჩნევენ, რომ თანამდებობის პირებისთვის, რომელებიც ისედაც მაღალი ანაზღაურებით სარგებლობენ, ავტომობილები, მათი მოვლა და საწვავი დამატებითი ფუფუნებაა.
"პირველი რადიო"