(რეზონანსი) არჩილ ტატუნაშვილის მამას, გივი ტატუნაშვილს სტრასბურგის სასამართლოს იმედი აქვს.
რუსი ოკუპანტების მიერ სასტიკად ნაწამები ქართველი გმირის მამა ცენტრ "ემპათიას" მიერ მომზადებულ სარჩელს ეხმაურება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია გადაგზავნილი და დართული აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს და წამებით მოკლეს.
"მოლოდინი მაქვს იმის, რომ გამოიტანს სასამართლო ამ ბანდიტების გამამტყუნებელ განაჩენს. დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, დაისჯებიან და კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ხელი არ მიუწვდება ქართულ მხარეს იმათთან. კი წითელი ცირკულარით იძებნებიან, მაგრამ რა ვიცი. დასჯილები იქნებიან, რა თქმა უნდა, თუ ხელში ჩაუცვივდათ ინტერპოლის წევრ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, იქნებიან დასჯილები, თუ არადა, აზრი არ აქვს არაფერს," - განაცხადა გიგი ტატუნაშვილმა "რუსთავი2"-თან საუბარში.
ცენტრ „ემპათიის" მიერ არჩილ ტატუნაშვილის სასტიკად წამების საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო.