რეზონანსი
08.12.2018

 (რეზონანსი) "მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მისი დაკავების საფუძველი, მოველოდი ამ გადაწყვეტილებას. პოლიციელების მხრიდან სულ ხდებოდა მასზე ზეწოლა. წარამარა მანქანიდან გადმოჰყავდათ, სულ აჩერებდნენ, ჩხრეკდნენ", - ამის შესახებ განცხადებას მინდია გოგოჭურის მამა მამუკა გოგოჭური აკეთებს.

პრეზიდენტის სიძე, რომელსაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რამდენიმე დღის წინ ნაქირავებ ბინაში, ერთ პირთან ერთად დაიჭირეს. კითხვაზე ამბობენ, რომ ნაქირავებ ბინაში ჯავშანჟილეტები იპოვეს, თქვენი შვილი ჯავშანჟილეტით და შეიარაღებული დადიოდა? მამუკა გოგოჭური პასუხობს, რომ

"ალბათ გემახსოვრებათ ისიც, რომ მინდია რამდენჯერმე დაჭრეს. ერთხელ დაჭრეს, ეს საქმე არ გაიხსნა, მერე ამ ზაფხულს მეორედაც დაჭრეს მიხეილ თათარაშვილთან ერთად, ძლივს გადარჩა. მაგრამ ვინმემ გამოიძია ეს ფაქტები? დასაჯა ვინმემ დამნაშავეები? ჯავშანჟილეტი იპოვესო, ეს არ არის დანაშაული, ეს ეცვა, რადგან ორჯერ დაჭრეს, არავინ გამოიძია და დაუცველი იყო, არ ჩაეცვა? არაერთი სტატია და სიუჟეტი გავიდა მის წინააღმდეგ, ძალიან მძიმეა, როცა მისი ბრალდებებით იწყება სიუჟეტები. შავი პიარი აგორდა მის წინააღმდეგ. უხერხულია ახლა მამამისმა მისი დაცვა დავიწყო, თვითონ თქვას თავისი სათქმელი, მაგრამ ჩემი შვილი სულ სხვა ადამიანია. 3 შვილის მამაა, ოღონდ მშვიდად იყოს, სახლში როცაა, ტელევიზორს უყურებს, სულ კარგ ხასიათზეა, სულ სხვანაირია რელური მინდია, ცუდი ფილმის ყურებაც კი არ უნდა", - ამბობს მამუკა გოგოჭური "კვირის პალიტრასთან".

პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი გიორგი რაზმაძე 6 დეკემბერს დააკავეს. გუშინ კი გოგოჭურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ტავდაპირველად პრეზიდენტის სიძე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა, ამ დანაშაულთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად შეძენას ედავებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×