რეზონანსი
08.12.2018

 (რეზონანსი) ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე თურქეთის საელჩოს საქართველოში და თურქეთის მთავრობას ღია წერილით მიმართავს და სტამბოლში, აია-სოფიას ტაზარში მომხდარი შემთხვევის შესახებ ამცნობს:

„ღია წერილი თურქეთის საელჩოს საქართველოში და თურქეთის მთავრობას

ღმერთი სიკეთეა და ის ყველა ჩვენთაგანშია - ეს არის ის ფუძემდებლური პრინციპი, რომელზეც აგებულია სამყაროს იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებიც ქმნიან რეალურ ღირებულებას. ასეთი ადამიანების წყალობით კაცობრიობა ინარჩუნებს ადამიანურ სახეს. თქვენს ქვეყანაში, თურქეთში (ვიმყოფებოდი 1-6 დეკემბერი 2018 წ.), ასეთ ადამიანს ბევრს შევხვდი, რამაც ძალიან გამახარა; მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ის მანკიერი დამოკიდებულება, რაც გამოიხატება ქრისტიანული კულტურული ძეგლებისა და სალოცავების მიმართ. კერძოდ, ქრისტიანული ძეგლები მოუვლელია ან გადაკეთებულია მეჩეთებად, ხოლო მოქმედ ქრისტიანულ სალოცავებზე აღმართულია მუსლიმანური სიმბოლოები. სამწუხაროდ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ როცა აია-სოფიას ტაძარში ღვთისმშობლის წინაშე მუხლი მოვიდრიკე და პირჯვარი გადავიწერე, ამ ტაძრის მომსახურე პერსონალის წარმომადგენელმა უხეშად მომართა და ფეხზე წამოდგომა მომთხოვა, თუმცა წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც მდებარეობს თქვენი სტამბულის მახლობლად, ერთ-ერთ კუნძულზე, ლოცვის უფლებაც მომცეს და სანთელიც დამანთებინეს. და, მაინც, გულისტკივილით, მინდა თქვენი ყურადღება მივმართო იმ გარემოების მიმართ, რაც გადამხდა აია-სოფიას ტაძარში და, რაც, ყოვლად დაუშვებელია ცივილიზებულ სახელმწიფოსათვის; მსგავს სურათს საქართველოში არ შეხვდებით, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში ყველა სარწმუნეობას და, შესაბამისად, მათ სალოცავებს უაღრესად დიდ პატივს მიაგებენ და ყოველნაირად ცდილობენ მისი პირველსახის შენარჩუნებას, რამეთუ ყველა სარწმუნეობის სალოცავები ჩვენს სულიერ სიმდიდრედ მიგვაჩნია; უფრო მეტიც, ხელს არ ვუშლით არცერთ ეროვნების ადამიანს ილოცოს თავისი მრწამსისა და რელიგიის მიხედვით, რამეთუ: ღმერთი სიკეთეა და ის ყველა ჩვენთაგანშია. პატივისცემით, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მწერალი, პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე"

აია სოფია ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მეჩეთად გადაკეთდა. ოსმანთა ხელში ტაძრის გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ამჟამად, აია სოფიას შენობაში მუზეუმია განთავსებული. მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×