(რეზონანსი) თბილისი და მთელი საქართველო შეძრა რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ტრაგედიამ - 27 ნოემბრის საღამოს 3 შვილის მამამ, გოგა ჯულუხიძემ, შვილები: 10 წლის ლიზი, 6 წლის რეზი და წლინახევრის ტასო, ლისის ტბასთან სასეირნოდ წაიყვანა. რამდენიმე წუთის მისულები იყვნენ, როცა იმ ადგილას, სადაც ავტომანქანები არ მოძრაობენ და ყველაზე დაცულად ითვლება, "მერსედესის" მარკის ჯიპი შევარდა და პატარა ტასო ჰაერში აისროლა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.
"ტასოს მშობლებს ჯერ სახელიც კი არ უკითხავთ იმ გოგოსი, ვინც ბავშვს დაეჯახა. ერთი, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ციხის საავადმყოფოში ჰყავდათ. ოჯახს ჯერ სამართალდამცავებიც არ აწვდიან ინფორმაციას. ასეთ დროს ალბათ ასე ხდება - არ ეუბნებიან, ვინ ჩაიდინა ეს. როგორც ვიცით, ეს გოგო არის 17 წლის და მანქანაში შეყვარებულთან ერთად იჯდა.
თავად ბიჭს ჰქონდა თუ არა მართვის მოწმობა, ჯერ არ ვიცით. სავარაუდოდ, ისიც ასევე პატარაა ასაკით და მანაც არ იცოდა მართვა წესიერად. მანქანა ახალი ჩამოყვანილია საქართველოში, რადგან ჯერ კიდევ ტრანზიტულნომრიანი იყო. გადაუფორმებელი მანქანით ავიდნენ ლისის ტბაზე, როგორც ჩანს, სეირნობდნენ. სავარაუდოდ, ამ გოგონამ საერთოდ არ იცოდა მართვა და გაზისა და მუხრუჭის სატერფულები აერია", - აღნიშნა ოჯახის ნათესავმა "სარკესთან" ინტერვიუში.