სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, თბილისში, პარტია „სამოპომოშის“ დეპუტატი სემიონ სემენჩენკო იმყოფებოდა, რომელიც მოგვიანებით გაიქცა, - ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა იური ბირიუკოვმა დაწერა.
„სხვადასხვა სახის კონტაქტები მაქვს და დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ სემენჩენკო თბილისშია, მან ჩაგვითრია დიპლომატიურ სკანდალში, თავისი ხალხი მიატოვა და ბოლო მომენტში გაიქცა“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.
აღნიშნულს ასევე გამოეხმაურა უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი ძინძია. მისი თქმით, სემენჩენკო იმის გამო არ დააკავეს, მას დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა.
შეგახსენებთ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “გურუსა“ და “ალიანსში“ ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
(აიპიენი)