27 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. მოკლული 45 წლის სვეტლანა ამოევი აღმოჩნდა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მოკლული ქალის შესახებ წერს. როგორც აღმოჩნდა ჟურნალისტს გარდაცვლილსთან და ასევე მკვლელობაში ბრალდებულთან ნაცნობობა აკავშირებს.
“რეჟისორი, რომ ვიყო აუცილებლად გადავიღებდი ფილმს, უფრო სწორად სერიალს ჩემზე. ყველაფერი 11 თვის წინ დაიწყო, თბილისში, მეტროდან ამოსული, კედელზე გაკრულ ფურცელზე ვკითხულობ, რომ ვაჟა ფშაველაზე ბინას აგირავებენ, ძალიან სიმბოლურ თანხად. ვიფიქრე, ქირაში ფული როდემდე ვყარო-მეთქი და ეგრევე დავრეკე. მიპასუხა ქალმა და მაშინვე დამიბარა სახლის სანახავად. მივედი და მხვდება ბინა ვაჟა ფშავალაზე, გარემონტებული, "გასრიალებული" შედი და იცხოვრე. ჰოდა მეც შევედი ვიცხოვრე და ფულიც მივეცი. ოღონდ ერთი პირობა იყო, მის სახლში, ჩემთან ერთად ამ ქალს, ანუ დიასახლისსაც უნდა ეცხოვრა. ნოტარიუსში მომდევნო დღეებში უნდა წავსულიყავით. მერე ერთ დღეს მე არ მეცალა, მეორე დღეს იმას, მერე ვიფიქრე უკვე გავიცანი ეს ქალი, სანდოა, ზედ მყვება, კერძებს მახვედრებს, დილით საუზმეს მიმზადებს და რაღად მინდა ნოტარიუსი-თქო.
ყოველ საღამოს მიყვებოდა, რომ ძმები რუსეთში ჰყავდა, რომლებიც ბიზნესმენები იყვნენ. მის დას ეხვეწებოდნენ ჩვენთან ჩამოდიო, მაგრამ მას საქართველოს დატოვება არ უნდოდა. ერთ დღესაც მირეკავს და მეუბნება, რომ ყაზბეგზე სახლი იყიდება და ჩემს ძმას უნდა რომ მიყიდოს და წამომყვევი შემიფასეო, თუ მოგვეწონება ფულს რუსეთიდან გამოაგზავნისო. დასაწუნი იმ სახლს არაფერი ჰქონდა და მე ვუთხარი კარგია-მეთქი, ჰოდა ვეტყვი და ჩემი ძმა იყიდის ამ სახლსაცო. მართლაც რამდენიმე დღეში მეუბნება ვაჟაზე ცხოვრება მომბეზრდა და ყაზბეგზე გადავიდეთ, ის სახლი ჯობიაო და ამას გავაქირავებო. მოკლედ მეც გადავყევი რა უნდა მექნა, გირით ვიყავი სახლში და „ხაზეიკას“ გავყევი.
ჰოდა მას შემდეგ, რაც თბილისიდან ისევ ქუთაისში ვბრუნდებოდი, ჩემს დიასახლისს დაველაპარაკე , რომ გადავდივარ ქუთაისში და ფული მჭირდება-თქო. დიასახლისმა მითხრა, რომ წადი და ფულს ქუთაისში მალევე დაგიბრუნებო. მეც წამოვედი, ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა ვაგროვებ და 15 დეკემბერს ჩაგირიცხავო. სამი დღის წინ კი ტელევიზორში ვუყურებ თბილისში კაცმა ბინის მეპატრონე ქალი მოკლა". აღმოჩნდა, რომ ეს ქალი ჩემი "ხაზეიკაა" მკვლელობაში ბრალდებული კი ჩემი თანამეოთახე. მკვლელობის შემდეგ კი ამ ქალზე ბევრი ბინძური რამ გავიგე.
1) თურმე სახლში, სადაც მე გირით შევედი, თვითონ ყოფილა ქირით შესული. ჩემნაირად ატყუებდა ყველას და სახლის ყველა ოთახი დაგირავებული ჰქონდა. სახლი მის საკუთრებაში არც ვაჟაზე ყოფილა და არც ყაზბეგზე, ორივე ქირით ჰქონდა აღებული.
2) მკვლელობის შემდეგ გავიგეთ, რომ ძმები რუსეთში არა, გლდანში ჰყავდა და თავად ძმებს ეგონათ, რომ მისი და რუსეთში იყო. ძმებმა თქვეს, თვეში ერთხელ გვირეკავდა და ამბობდა მოსკოვში ვარო.
3) ბინაში ცხოვრების დროს ყულაბა გამიტეხეს და ფული მომპარეს, დიასახლისმა სხვას დააბრალა და სახლიდან გაუშვა, თურმე მას მოუპარავს.
4) ყაზბეგზე ცხოვრების დროს ე.წ „მეტრიანით“ სახლის ზომებს ვიღებდით, რემონტი რა დამიჯდებაო, ამ ფორმით კი ჩემი დარწმუნება უნდოდა რომ ბინა მას ეკუთვნოდა და ქირით არ იყო.
5) მკვლელობა მესამე ბინაში მოხდა. ისიც ქირით ჰქონდა აღებული, სადაც მდგმურს შემოაკვდა. (ვიცნობდი იმ ბიჭს გარკვეული პერიოდი ერთ სახლში, გვერდი-გვერდ ოთახებში ვცხოვრობდი)
6) ახლა ვსხედვართ ყველა დაზარალებული, რომლებსაც ოფიციალური დოკუმენტი არ გაგვაჩნია და ვფიქრობთ ვინ უნდა დაგვიბრუნოს ჩემი თანხა".
(ამბები.ჯი)