(რეზონანსი) „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, რამდენიმე პირმა თავის საცხოვრებელ სახლთან მასზე თავდასხმა სცადა. ამის შესახებ ქარდავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:
„ის, რაც მოხდა ქუთაისის აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტი, როგორც აღმოჩნდა არ არის შემთხვევითი და უფრო გეგმიურს ჰგავს, ანალოგიური შემთხვევა მოხდა ჩემთან დაკავშრებითაც, უბრალოდ არ შევსულვარ ფიზიკურ დაპირისპირებაში, ეს განაპირობა იმან, რომ გვერძე სუპერ-მარკეტის, აფთიაქის და დაცვის წარმომადგენლები გამოვიდნენ და მათ დატოვეს ეს ტერიტორია. დისტანციაზე ვიყავი მათთან, ყოველ შემთხვევაში მათ ჰქონდათ დიდი სურვილი, შემოსულიყვნენ კონფლიქტში და ეს იყო პირდაპირი თავდასხმის მცდელობა. დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოახლობა უბრალოდ ვერ გაბედეს, იმის გამო, რომ არ ვიყავი მარტო და გვერდზე დაცვის თანამშრომლები გამოვიდნენ.
გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღებს მუქარის წერილებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ცალკეულ შემთხვევითობას ვერ მივაწერ, ეს არის დაგეგმილი და მე მინდა მივმართო გახარიას, რომ აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ამან შეიძლება გადაიყოლოს პირველ რიგში გახარია და შემდეგ ხელისუფლება", - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.