(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული.
კერძოდ, ერთი პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება", - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ბიზნესმენ ჯონი გიგანს დღეს ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ.