(რეზონანსი) "პატრიოტთა ალიანსი" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ისინი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ ყოფილან, მაგრამ შექმნილმა ვითარებამ აიძულათ, მხარი მისთვის დაეჭირათ და მის გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს.
"რა წვლილი შევიტანეთ?! ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ ეს 500.000-ზე მეტი მხარდამჭერი არჩევნებზე მოვიდა და ხმა ქალბატონ სალომეს მისცა. ჩვენ გავააქტიურეთ პარტიის აქტივი და მისი აბსოლუტური უმრავლესობა ამ აქციაზე წარმოდგენილი იყო", - განაცხადა ინაშვილმა.
როგორც ინაშვილმა გადაცემაში "საპრეზიდენტო არჩევნები 2018" აღნიშნა, „ქართულ ოცნებას", "ალიანსის" მიერ გამართულ 25 ნოემბრის აქციაზე არავითარი წვლილი არ მიუძღვის.
„25 ნოემბერს, ჩვენი აქციის პარალელულად, „ოცნებამ" მთელი თბილისის მასშტაბით, ლოკალური აქციები დაგვინიშნეს და თავის მხარდამჭერებს ზოგი მრგვალ პარკში მოუხმობდა, ზოგიც - ჩუღურეთში. ეს ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელი რამ იყო. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პირდაპირ გეუბნებით - პოლიტიკაში ასეთი რამ არასწორ საქციელად ითვლება და არა მარტო პოლიტიკაში, ცხოვრებაშიც ასეა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.