(რეზონანსი) მმართველ გუნდში ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის სამომავლო ბედთან დაკავშირებით სამი ვარიანტი განიხილება.
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტია მისი "რესპუბლიკის სასახლედ" გამოცხადება და წარმომადგენლობით სასახლედ გარდაქმნა, უცხო ქვეყნების უმაღლესი პირების მიღებებისთვის.
კიდევ ერთ ვარიანტად ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსების საკითხი განიხილება, თუკი თავად საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმიდან თბილისში გადმოსვლას მოითხოვს.
ასევე განიხილება შენობის პრივატიზაციის საკითხიც.
ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის სამომავლო ფუნქციასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა იყო, თუმცა გადაწყვეტილება არც ერთი ვარიანტის სასარგებლოდ ჯერ მიღებული არ არის.
თბილისში, მ. აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე სასახლე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა. პრეზიდენტის რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წელს გაიხსნა და მასში დღემდე მუშაობდა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. რაც შეეხება ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ის ავლაბრის სასახლეში შესვლაზე უარს აცხადებს და ათონელზე მდებარე რეზიდენციაში აპირებს განთავსებას.