(რეზონანსი) ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პარტიისგან ლაგოდეხის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების მოპარვის დავალება მიიღო. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გვაქვს ასეთი ინფორმაცია ლაგოდეხში, მე-15 უბანზე „ნაცმოძრაობის" წევრმა საარჩევნო კომისიაში მიიღო დავალება ბიულეტენების მოპარვის თაობაზე, ანუ მას მოსთხოვეს ბიულეტენების მოპარვა, რათა ბოლოს ხმის დათვლის დროს არ დაჯდეს ბალანსი. როგორც მოგეხსენებათ, ბალანსის უზრუნველყოფა საჭიროა, როცა ითვლება ხმები და როდესაც აკლდება ამ მონაცემებს ბიულეტენი, ბალანსი არ ჯდება. ეს არის კიდევ ერთი მითითება, რომელიც მიიღო „ნაცმოძრაობის" წევრმა ლაგოდეხში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მცდელობა, გააკეთოს ოპოზიციის რანგში ის, რასაც აკეთებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. კობახიძე ოპოზიციას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.