(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
უფრო კონკრეტულად: გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 4 პირი: 1980 წელს დაბადებული ა.ზ. 1966 წელს დაბადებული თ.გ. 1964 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1978 წელს დაბადებული თ.ნ. პოლიციამ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღო 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია, სავარაუდოდ, მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებთან ერთად.
ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, გარდაბნის რაიონში დაკავებულია 2 პირი: 1976 წელს დაბადებული ა.მ. და 1981 წელს დაბადებული ო.ს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ უკანონოდ გასაღებული 380 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ უკანონოდ.
გარდა ამისა, ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე, თბილისში ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული მ.ჰ დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოიღეს 250 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი".