რეზონანსი
27.11.2018

 (რეზონანსი) საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, თავშესაფრის საძიებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეები ღია ცის ქვეშ, კუსტარულად მოწყობილ კარვებში ცხოვრობენ. კარვების დასახლება სტრასბურგის განაპირას, პარკშია მოწყობილი. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

კარვებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შორის ფეხმძიმე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები არიან. კარვების მობინადრეებს სტრასბურგში მცხოვრები ქართველები ეხმარებიან, თუმცა მათი მხარდაჭერა არ არის საკმარისი.

მაია მჭედლიშვილი იმ ადამიანებს შორისაა, ვინც კარვებში მცხოვრებლებს ეხმარება. სწორედ მან გამოაქვეყნა ფეისბუქზე ქართველების ყოფის ამსახველი ფოტოები. მისი თქმით, ყველა იმ ადამიანმა, ვინც აპირებს საფრანგეთში წავიდეს და ჩაბარდეს საემიგრაციო სამსახურს, მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რა ელოდება იქ.

"გაითვალისწინონ და თუ მაინც გადაწყვეტენ ჩვენი თანამემამულეები ევროპაში წამოსვლას და ჩაბარებას, მოერიდონ დიდ ქალაქებს, რადგან აქ არანაირი შანსი არ აქვთ", - ამბობს მაია მჭედლიშვილი

სტრასბურგში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი, ნათია ხუტაშვილი, "ბათუმელებთან" კარვებში არსებულ სიტოაციას აღწერს.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა დღეს რაც აქ ხდება. ჩაბარებით იბარებენ და საცხოვრებელს არ აძლევენ [საფრანგეთში], ასე, კარვებში უწევთ ცხოვრება ამ სიცივეში. 115-ზე დარეკვისას ეუბნებიან, რომ ქართველები ძალიან ბევრი ხართ და თავშესაფარს აღარ ვიძლევითო. ვისაც რისი საშუალება აქვს, იმით ეხმარებიან, მაგრამ ამ სიცივეში ძნელია თავშესაფრის გარეშე ყოფნა," - ამბობს ის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×