ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ნათესავებს შოროს კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ძმისშვილმა ბიძა მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.
"ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა ბიძა - 1965 წელს დაბადებული გ.ა., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.