სალომბარდე ბიზნესი ეროვნული ბანკისგან 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ასამოქმედებელი რეგულაციების 1-2 წლით გადავადებას და ლიბერალიზაციას ითხოვს. არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ბერძენაძე აღნიშნავს, რომ რეგულაციების ამოქმედება უნდა გადაიდოს, რადგან ეროვნული ბანკის მოთხოვნებში ძალიან ბევრი შეუსაბამობაა და მას ლომბარდები ვერ დააკმაყოფილებენ.
პრობლემად რჩება სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის პროსცესი. მისი ინფორმაციით, სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 10 000 ლარს. გარდა ამისა, 1-ელ იანვრამდე ნებისმიერმა სუბიექტმა, გამსესხებელმა უნდა წარმოადგინოს საბუთები ეროვნულ ბანკშ, რომელიც საკმაოდ დიდ ინფორმაციას მოიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში 2019 წლის 31 მარტიდან მას ეკრძალება სესხების ამოღებაც კი.
ახალი რეგულაციით, ლომბარდები ვალდებულები ხდებიან საგადასახადოსთან ერთად, გარკვეული სახის ინფორმაცია ეროვნულ ბანკშიც წარადგინონ. გარდა ამისა, განიხილება ისიც, რომ ლომბარდებს ურთიერთობა ჰქონდეთ „კრედიტინფოსთან“, თუმცა, რა ფორმით მოხდება მათი თანამშრომლობა, უცნობია.
ბერძენაძის პროგნოზით, სალომბარდე ბიზნესს ძალიან ცუდი პერსპექტივა აქვს, ან დაიხურებიან, ან მათ პორტფელს ბანკები იყიდან. „მცირე და საშუალო ლომბარდები ვერ გაუძლებენ იმ ხარჯებს და ვალდებულებებს, რაც აქვთ. გარდა ამისა, ბანკები მათ პორტფელს ძალიან მიზერულ ფასად იყიდიან. ეს გამოიწვევს იმას, რომ ლომბარდებში დასაქმებული ამდენი ადამიანი უმუშევარი დარჩება“, - აცხადებს "კომერსანტთან" ბერძენაძე.