(რეზონანსი) "გორჯესტანი ეს ფსევდონიმია, ნამდვილი გვარი კი არის გუგუშვილი, გორჯესტანი სპარსულად ნიშნავს ქართველს. გუგუშვილი აღარ იყო, მაგრამ ქართველი დარჩა, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, მე უკვე თეიმურაზ გუგუშვილი ვარ" - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა "იმედის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თეიმურაზ და ქეთევან გორსჯესტანის ბაბუა ძუკუ გუგუშვილი იძულებული გახდა ირანში დარჩენილიყო, სადაც მივლინებით იმყოფებოდა. ირანის მოქალაქეობის ასაღებად მას გვარის შეცვლა მოსთხოვეს. პატრიოტული მოსაზრებიდან გამომდინარე მან გვარად „გორჯესტანი" აირჩია, რაც სპარსულად ნიშნავს „წარმოშობით საქართველოდან". ძუკუ გუგუშვილი 1983 წელს ამერიკაში გარდაიცვალა.
როგორც თეიმურაზ გორჯესტანი ამბობს, ოჯახში განათლება ქართველობის შენარჩუნების შემდეგ ყველაზე მთავარი იყო. დიპლომატის რანგში თეიმურაზ გორჯესტანი ნიუ-ორკში, საფრანგეთის გაეროს წარმომადგენლობაში პოლიტიკური კრიზისების ჯგუფში მუშაობდა.
"ქართველობის შენარჩუნების მერე, ოჯახში ყველაზე მთავარი განათლება იყო. ბებიაჩემი ზეინაბ კედია, ძალიან ძლიერი ქალი იყო, რომელიც ყოველთვის გვეუბნებოდა, რაც შეიძლება კარგი განათლება მიიღეთ, რომელიც ცხოვრებაში იქნება თქვენი იარაღი იქნებაო," - ამბობს გორჯესტანი.
თეიმურაზ გორჯესტანმა საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული პოლიტიკური სკოლა დაამთავრა. ამ სკოლას ხშირად პრეზიდენტების უმაღლეს სასწავლებელს უწოდებენ. ის საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჟაკ შირაკმა, ფრანსუა ოლანდმა და მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაამთავრეს.
როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გამოსვლა დაიწო, საფრანგეთმა ლონდონში დიპლომატთა კორპუსი გააძლიერა და ახალი გუნდი შეკრა. თეიმურაზი გორჯესტანი ნიუ-ორკიდან ლონდონში გადაიყვანეს და ელჩის პირველ მრჩევლად დააწინაურეს.
რაც შეეხება ქეთევანს, ის საფრანგეთის წამყვან საინფორმაციო არხ- "France 24" -ში მუშაობის დაწყებამდე, ჯერ საფრანგეთის ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლის ბაკალავრი იყო, მოგვიანებით კი აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სამეცნიერო ხარისხი დაიცვა.