რეზონანსი
25.11.2018

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ სტამბაში ზედმეტი საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა, მცდარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკო-დან აცნობეს, შპს „კარტოგრაფში“ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის შესვლა.

„შპს „კარტოგრაფია“-ში, დაიბეჭდა 7 საოლქო საარჩევნო კომისიის ბიულეტენები. პროცესზე დამკვირვებლები იყვნენ ცესკოს წარმომადგენლები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც განსაზღვრულია ცესკო-ს განკარგულებით. როგორც ირკვევა, ცოტა ხნის წინ, ამ კონკრეტულ სტამბაში ადგილი ჰქონდა არაუფლებამოსილი პირის შესვლის ფაქტს. ეს გარკვეულწილად ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვითომდა ამ სტამბაში დაიბეჭდა ზედმეტი ბიულეტენები, ეს არის მცდარი. მოგეხსენებათ, ბეჭდვის პროცესს თან ახლავს წუნდებული პროდუქცია, მაგალითისთვის, კონკრეტულ საარჩევნო ბიულეტენზე ნუმერაცია, საარჩევნო ბიულეტენის რიგითი ნომერი არასწორ ადგილას არის განთავსებული დანადგარის მიერ, ასეთი ბიულეტენი მიჩნეულია წუნდებულად. ასევე შეიძლება ჰქონდეს ისეთ შემთხვევას ადგილი, როდესაც მაგალითად, საარჩევნო ბიულეტენის რიგითი ნომერი მკრთალად არის მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენზე, ესეც მიჩნეულია წუნდებულ პროდუქციად. ასევე შეიძლება იყოს სხვა მსგავსი ტიპის ხარვეზები, რომლის გამოც, საარჩევნო ბიულეტენი მიჩნეულია წუნდებულად. ასეთ დროს სტამბის მიერ ასეთი ბიულეტენები გროვდება ცალკე, გადაიდება და შემდეგ, ცესკო-ს წარმომადგენლებთან ერთად ნადგურდება“, - აღნიშნა ცესკო-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×