15 ნოემბერს ზემო ფონიჭალაში მოსახლეობამ საშინელი აფეთქებისა და ნგრევის ხმა გაიგონა და გარეთ გამოსულებს უმძიმესი სურათი დახვდათ - კორპუსის სამი სართული მთლიანად ჩამოშლილიყო. პირველი, რაც მაშველებმა ოპერატიულად მოახერხეს, ამწეს დახმარებით მეორე სართულიდან სამი მობინადრე ამოიყვანეს, სამივეს ძლიერი დამწვრობა ჰქონდა მიღებული.
აზერბაიჯანელი 44 წლის მამაკაცი, 24 წლის ქალიშვილი და 6 წლის ბავშვი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ ბინა მესამე სართულზე ჰქონდათ ნაქირავები. სავარაუდოდ, სწორედ მათ ბინაში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია ძლიერი აფეთქება და ორი სართული ჩაიტანა.
რამდენიმე საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ჩახუტებული დედა-შვილის ცხედარი ამოიყვანეს. ეს იყო ყველაზე მძიმე წუთები იმ მაშველებისთვისაც, რომლებიც მთელი დღე თავგანწირვით მუშაობდნენ. ექსპერტიზის შემდეგ სოფო ყაველაშვილი და პატარა ნიკოლოზ ცერცვაძე ჭიათურაში გადაასვენეს.
"მეორე სართულზე იყო სოფო თავისი ოჯახით, პირველ სართულზე კი ჩემი დის ოჯახი. სოფოს უმცროსი ძმაც იქ ცხოვრობდა. მეც იმ კორპუსში ვცხოვრობ, გვერდით სადარბაზოში. ერთოთახიანი ბინა ჰქონდათ და მისაღებში ედგათ საწოლი, მის გვერდით ბავშვის საწოლი იყო, ბავშვის საწოლი უვნებელია. ეტყობა, მეუღლის წასვლის შემდეგ სოფომ ბავშვი თავის საწოლში გადაიწვინა და გულში ჩახუტებული ჰყოლია, ასევე იპოვეს დედა-შვილი" - განუცხადა "კვირის პალიტრას" სოფო ყაველაშვილის ნათესავმა ხათუნა სამხარაძემ.