რეზონანსი
25.11.2018

 (რეზონანსი) თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე ბუტა რობაქიძის დედა ოქროყანის აღმართისთვის სახელის გადარქმევისა და მისთვის სანდრო გირგვლიანის აღმართის მინიჭების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ია მეტრეველი განმარტავს, რომ ამ საკითხზე თბილისის მერიაში 26 ნოემბერს განცხადებას შეიტანს.

„მინდა, ყველას გამცნოთ, რაც მოვიფიქრეთ, რომ ოქროყანის აღმართს, სადაც საბედისწერო გზაზე აიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, სანდრო გირგვლიანი და შემდეგ კარგად იცით, რა გაუკეთეს მას და მის ოჯახს, ვუწოდოთ გირგვლიანის აღმართი. ჩვენ ორშაბათს შევიტანთ განცხადებას მერიაში ამის თაობაზე", - განმარტა ია მეტრეველმა.

რამდენიმე საათის წინ თბილისში აქცია „არა ნაცებს" დაიწყო. დემონსტრაცია „პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებულია და პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ არის მიმართული.

2006 წლის 28 იანვარს 28 წლის ბანკირი სანდრო გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე პოლიციის მაღალჩინოსნებმა მოკლეს. თბილისში, შარდენბარში დაწყებული ინციდენტი, რომლის მონაწილეებიც ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი თანმხლები პირები იყვნენ, ოქროყანაში დასრულდა. ნაწამები და გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანი მისმა მეგობრებმა 28 იანვარს იპოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×