ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტის განსახილველად, "იმედის" ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ მივიდნენ. გადაცემა "პირისპირ" ტელეწამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ დაუფარავად თქვა, რომ მესამე სექტორი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ტელეკამერებთან გამოჩენას გაურბის.
როგორც "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის პრესსამსახურმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში არ იმყოფებოდა, ასევე, არასამუშაო დღე ჰქონდა.
რაც შეეხება "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელ მიხეილ ბენიძეს, მან თქვა, რომ უარი არ უთქვამს.
"უარი როდის განვუცხადე? "იმედს" სპეციალურად ჩავეწერე კომენტარებითაც და სიუჟეტისთვისაც. დანარჩენზე ავუხსენი, რომ სტუმარი მყავს უცხოეთიდან და გიორგობის უიქენდზე საღამოობით არ მცალია" - აღნიშნა ბენიძემ.
გადაცემის წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე კი ამბობს, რომ სამივე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჯერ თავი აარიდა მათ ზარებზე პასუხს, შემდეგ კი უარი თქვეს გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე.
"გადაცემაში მოსვლაზე იყო საუბარი. "იმედი ლაივსაც" უარი უთხრეს. პარასკევს ვაჯამებდი კვირის მთავარ თემებს. ერთ-ერთი იყო სკანდალი, რომელიც უკავშირდებოდა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის ვერსიას, ჩემმა პროდიუსერმა დაურეკა მათ პრესსამსახურებს, მივწერეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მაგრამ ბოლოს, ათ საათზე, დავრჩი ერთი ადამიანის ამარა, რომელიც წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს. თავს არიდებდნენ პასუხს. ზოგმა გვითხრა, რომ ქალაქში არ იქნებოდნენ, ზოგმა გვითხრა, რომ პარასკევს დილით დაგვერეკა და აღარ პასუხობდნენ.
ეკა გიგაურის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ვერ მოვიდოდა - არ იქნება თბილისშიო. შევთავაზეთ ჩართვა იქიდან, სადაც იქნებოდა, თუმცა ამაზეც მივიღეთ უარი. არგუმენტი იყო ის, რომ თბილისში არ იქნებოდა და დასვენების დღე - გიორგობა იყო" - ამბობს ტელეწამყვანი.
შეგახსენებთ, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურის გაყალბების მიზნით, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება ხდება.