(რეზონანსი) "ის ხელისუფლება, რომლიც სასტიკად ძალადობდა საკუთარი ხალხზე, ის ტელევიზიები, რომლებიც არ გამოსულან სანდრო გირგვლიანის დედის გვერდზე დასადგომად, დღეს მათ მიერ გაზიარებული სარალიძის ტკივილი არარეალურად მიმაჩნია, როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯადოსნური გაქრისტიანება", - ამის შესახებ საფრანგეთში მოღავწე, ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გელა ბაბლუანი ფეისბუქზე წერს.
ბაბლუანი ამბობს, რომ მას არ სჯერა "იმ პოლიტიკური ძალის გულთმისნობის ზაზასთან მიმართებაში, რომელმაც სანდრო გირგვლიანი წამებით მოკლა".
"არის თუ არა ზაზა სარალიძე პოლიტიკური მანიპულაციის მსხვერპლი? ან პოლიტიკურად ორიენტირებული? ეს არის მეათე ხარისხოვანი იმ უბედურების ფონზე რაც მან შვილის სიკვდილით განიცადა. არ ღირს არცერთი პოლიტიკური პარტია იმაზე მეტი რასაც სამართალი ჰქვია. მე არ მჯერა იმ პოლიტიკური ძალის გულთმისნობის ზაზასთან მიმართებაში რომელმაც სანდრო გირგვლიანი წამებით მოკლა, როგორც არ მჯერა ამ სახელმწიფო სისტემის სრულყოფილების რომელმაც მიუხედავად იმისა რომ თავად არ კლავს თავის მოქალაქეებს, ვერ მოახერხა კანონის უზენაესობა და სამართლიანობის სრული აღდგენა", - წერს ბაბლუანი.
მისივე თქმით, "რუსული პოლიტიკის ძალადობაზე მეტად ერთმანეთი გვძულს ქართველებს".
"პატრიოტიზმით აღჭურვილი ნიღბების მიღმა, რუსული პოლიტიკის ძალადობაზე მეტად ერთმანეთი გვძულს ქართველებს, ეს სამწუხაროდ ჩვენი რეალობაა. თუმცა, ამ სიძულვილით დატბორილ ფუნდამენტზე გვინდა ქვეყნის აშენება. წარსულის არასწორმა თუ არარსებულმა ანალიზმმა მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე", - ნათქვამია ბაბლუანის ფეისბუქ გვერდზე.