მთავრობის ახალი ინიციატივა საბანკო ვალების განულებასთან დაკავშირებით, არჩევნებს არ უკავშირდება- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი და დასძენს, რომ სწორედ სიღარიბის დონის გაზრდის გამო მისცა საჯარო შენიშვნა კვირიკაშვილს, რადგან მან რეფორმები დააგვიანა და ჭარბვალიანობასთან და სიღარიბესთან ბრძოლას მოსახლეობას ჯერ კიდევ მაისში დაჰპირდა.
"საზოგადოებას დავპირდი, რომ წლის ბოლომდე დავეხმარებოდით და ნუ ჩათვლიან საარჩევნოდ. ეს არის კარგი მაგალითი იმის, რომ თუ ცდილობ, შეიძლება გამოგივიდეს კიდეც“, - თქვა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში.
"ერთი წლის განმავლობაში გაჩვენებთ არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც, თუ როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში. მე მაქვს პრეტენზია, ერთი წლის განმავლობაში საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს იქნება სახალხო ხელისუფლება. პარტია იქმნება იმისთვის, რათა იზრუნოს ხალხზე. კეთილი ვინებოთ და დაპირებები შევასრულოთ, მე ერთი წელი მექნება საშუალება ვისაუბრო ხალხთან", - აღნიშნა მან.